გამორჩეული პუბლიკაცია

 

მოგესალმებათ განახლებული ვებ-სტუდია "ექო" ჩვენი ძალა ჩვენსავე ერთობაშია!
 იერსახე:     ::   პუბლიკაციების ენა:
  ::  
    
 საძიებელი თავფურცელი 

 

 » სტატიები »

 

 

 საიტის რესურსები

 

  ავტორი

 

  > სტატიები > რედაქტორისაგან  
   პუბლ. 4  სულ  19   [ 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 ]   
  გოჩა ბახია 
სიტყვა რუაიომონში

მიშელ ბიუტორი (დაბ.1926 წ.) 50-იან წლებში საფრანგეთში ჩამოყალიებებული ლიტერატურული მიმდინარეობის – “ახალი რომანის” ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია. აღნიშნული მიმდინარეობა რომანის ფორმალურ განახლებას, ცნობიერებაში მიმდინარე პროცესების გადმოცემას და ამგვარად ე.წ. წმინდა ლიტერატურის შექმნას ისახავდა მიზნად. ამ მიმდინარეობას თავიდან ევროპაში დიდი ინტერესით შეხვდნენ, თუმცა მალე მკითხველთა უმეტესობამ ზურგი აქცია, რადგან ამდენი ფორმალური სიახლე ბევრისთვის უბრალოდ გაუგებარი აღმოჩნდა. ბიუტორის შემოქმედება ამ მხრივ გამონაკლისს წარმოადგენს, იგი შეიყვარა ხალხმა და დღესაც პოპულარულია. ეს ყოველივე კი იმიტომ, რომ ავტორმა შეძლო ფორმალურ სიახლეებთან ერთად ჩვეული თემატიკა და კლასიკური ელემენტები შეენარჩუნებინა.

რომანის წერა აუცილებლობამ გადამაწყვეტინა, სხვა გზა აღარ დამრჩენოდა. ყველაფერი დაახლოებით ასე დაიწყო: ფილოსოფიას ვეუფლებოდი, პარალელურად ლექსებსაც ვწერდი. საბოლოოდ მივხვდი, რომ პოეზია და ფილოსოფია ერთმანეთისგან რადიკალურადაა დაშორებული. ჩემი პოეზია ქაოსური, ირაციონალური იყო, არადა სულ სხვა მიზანი მქონდა, მინდოდა ამ ლექსებით ზოგიერთი  ბუნდოვანი ფილოსოფიური საკითხი უფრო ნათელი და გასაგები გამეხადა.

როგორ დამეკავშირებინა ერთმანეთთან ჩემი მოღვაწეობის ეს ორი მხარე?

საფრანგეთიდან გამგზავრებისას ეს პრობლემა იყო მოსვენებას რომ არ მაძლევდა.

სულ მალე აღმოვაჩინე, რომ მე-19 და მე-20 საუკუნის  თითქმის ყველა დიდ  რომანში ოსტატურადაა გატარებული მალარმეს ერთი ცნობილი ფრაზა: “ყოველთვის, როცა სტილის დახვეწაზეა ლაპარაკი საქმე ლქსთწყობას ეხება.” უფრო მეტიც, ყველა ნაწარმოებში ხდება “დაფიქრება” სამყაროზე, რაც ძირითადად საგნების აღწერის კონკრეტულ მანერაში გამოიხატება. ამგვარი მეთოდური დესკრიფცია თანამედროვე ფილოსოფიური აზროვნების ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენს, განსაკუთრებით კი ფილოსოფიურ საკითხთა ყველაზე მძაფრ და ნათელ გამოვლინებას - ფენომენოლოგიას უკავშირდება. იმ წუთიდან  რაც ამ დასკვნამდე მივედი  ჩემი პრობლემის გადაჭრის ერთადერთ საშუალებად რომანი დამესახა.

პოეტი იყენებს პროსოდიას, კლასიკური, თორმეტმარცვლიანი იქნება ეს  თუ სიურეალისტური - კონტრასტული;  ქმნის პოეზიას სხვადასხვა  ფორმათა შიგნით სიტყვათა თამაშით, ხმოვანი თუ ვიზუალური მოთხოვნების მიხედვით მათი ორგანიზებით. ყოველივე ამით აშიშვლებს სიტყვებს, სწვდება მათ არსს, უბრუნებს თავდაპირველ სიჯანსაღესა და ცხოველმყოფელ ძალას.

სიტყვა “სტილს” ფართო მნიშვნელობით თუ გავიგებთ -  რაც, სხვათა შორის, ხშირად ხდება თანამედროვე რომანთან დაკავშირებით -  და  ყველა დონეზე განვაზოგადებთ, ადვილად შევამჩნევთ, რომ ლექსთწყობის ან, თუნდაც, გეომეტრიულ თუ მუსიკალურ სტრუქტურათა მსგავსი მკაცრი სტრუქტურების გამოყენებითა და მათი შემადგენელი ელემენტების სისტემატური  ურთიერთთამაშით შესაძლო ხდება  ყველაზე ბანალური რეალობის აღწერაშიც კი შეიტანო პოეზიის ძალა.

რომანს კომერციული მიზნით არ ვწერ, უფრო საკუთარ არსებობაში მთლიანობის მიღწევას ვესწრაფვი. წერა ჩემთვის საყრდენი ხერხემალია; ანრი ჯეიმსის სიტყვებით რომ ვთქვათ, “რომანისტი ის არის, ვისთვისაც არაფერია  დაკარგული.”

დღესდღეობით არ არსებობს სხვა ლიტერატურული ფორმა თავისი  შესაძლებლობებით რომანს რომ გაუტოლდეს. რომანი საშუალებას იძლევა  უკიდურესი სიზუსტით დაუკავშირო ერთმანეთს ყოველდღიური ცხოვრების ერთი  შეხედვით უმნიშვნელო მოვლენები, ფიქრები, ინტუიციები, სასაუბრო ენისგან თითქოსდა  ყველაზე დაშორებული ხილვები.

ამგვარად, ამ გაშმაგებულ სამყაროში, ყოველი მხრიდან რომ გემუქრება და ცდილობს შეუბრალებლად გაგსრისოს, რომანი ფეხზე გამართულად დგომისა და ჭკვიანურად ცხოვრების საუკეთესო საშუალებაა.

თუკი ფორმასა და შინააარსს შორის მართლა ისეთი მჭიდრო კავშირი არსებობს, როგორც ამას სკოლებში გვასწავლიან, ვფიქრობ, ისიც აღსანიშნავია, რომ ფორმაზე მუშაობა რომანისტისთვის საუკეთესო იარაღია, რომლის საშუალებითაც რეალობა აშკარავდება; იარაღი, რომლითაც მწერალი თავად წარმართავს საკუთარ მოღვაწეობას.

მართალია, ზოგიერთი გულუბრყვილო შემოქმედი ასე თუ ისე მაინც ახერხებს ჩვენს აღელვებას, მაგრამ მკითხველთა უმრავლესობა ამით ვეღარ კმაყოფილდება; გულუბრყვილობის დრო უკვე წავიდა. ჩვენ, მწერლები იძულებულნი ვართ გავაანალიზოთ ის, რასაც ვაკეთებთ, ე. ი. შეგნებულად შევქმნათ რომანისგან სიახლისა და, შესაბამისად, თავისუფლების იარაღი.

უჭკუობა და შეურაცხყოფა ხომ ყოველ კუთხე-კუნჭულშია  ჩასაფრებული ჩვენს გასანადგურებლად. მათი სუნი ხომ ყოველდღიურად იფრქვევა ზოგიერთი გაზეთის გვერდებიდან თუ სალონური საუბრებიდან.

თუკი რომანისტი საბოლოოდ მაინც გამოსცემს თავის წიგნს ეს იმიტომ, რომ საქმის ბოლომდე მისაყვანად მკითხველი სჭირდება, როგორც წიგნის შექმნის თანამონაწილე, როგორც მისი განვითარებისა და არსებობისთვის საჭირო საზრდო, როგორც აზროვნება, გონება და მზერა.

მართალია, რომანისტი თავადაც კითხულობს საკუთარ ნაწარმოებს, მაგრამ მისთვის ეს არ კმარა. იგი იტანჯება ამ უკმარისობით და უსაზღვრო სურვილი აქვს ჰყავდეს დამატებით სხვა, უფრო მეტიც, უცნობი მკითხველი.

ჩემი ხმა უფრო შორს რომ გაისმას ექო უნდა გამოეპასუხოს. ამისთვის ნაცნობ-მეგობრები საკმარისი არაა. ეს გამოხმაურება, ეს ნუგეში, ეს წახალისება უცხო ხალხის მასიდან უნდა მოდიოდეს, ბრბოდან, რომელსაც ერთდროულად წარმატებისა და მარცხის მოტანა შეუძლია.

ამგვარი პასუხი კი უამრავი  ფორმით შეიძლება გადმოიცეს: კრიტიკული სტატიებით, საუბრებით, წერილებით -  ერთი სიტყვით კონკრეტული ადამიანების საშუალებით საზოგადოების ხმას რომ წარმოადგენენ. მაგრამ ნაწარმოების  გაცილებით დახვეწილ და საფუძვლიან გამოძახილს ის ნელი, მაგრამ შესამჩნევი ტრანსფორმაცია წარმოადგენს, რაც თავად რომანისტის გარემომცველ წრეში გამოიკვეთება, წრეში, რომლის პრობლემებსა და სატკივარზე აიგო რომანი; ხალხი თანდათან სხვა თვალით იწყებს სამყაროსა და საკუთარი თავის დანახვას, შესაბამისად საგნებიც ახალ წონასწორობას იძენს და ყოველივე ეს საფუძველს  უმზადებს ახალი ისტორიის დაბადებას.

თავიდან ყოველთვის არსებობს რაღაც სათქმელი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოითქვას; ასე რომ, გარკვეული აზრით, რომანს რომანისტი კი არ წერს, თვითონვე იწერება, სრულიად მარტო, მწერალი მხოლოდ ამქვეყნად მოვლენაში ეხმარება, მეანის როლს ასრულებს; თუმცა ყველამ კარგად იცის რამხელა ცოდნას, რამხელა კეთილსინდისიერებას, რამხელა მოთმინებას მოითხოვს ეს საქმე.

იმ წუთიდან მოყოლებული, როცა რომანისტი იგრძნობს სიბნელით მოცული რაღაც საკითხის არსებობას, რომელიც წიგნში უნდა გამოვლინდეს, იძაბება ყურადღება, იწყება მოლოდინი, თვალყურისდევნება, მართვა, რჩევა და დახმარება; ქმნადობის პროცესში მიმდინარეობს ფიქრი და, მაშასადამე, ფორმალიზაცია მუსიკალური და მათემატიკური მნიშვნელობით, იმ მნიშვნელობით, რომლითაც ამ სიტყვას ფიზიკურ მეცნიერებებში ხმარობენ; ფიქრი, რომელიც მხოლოდ გარკვეული ზომით სიმბოლიზაციის, სქემატიზაციისა და აბსტრაქციის საშუალებით ხდება ნათელი და მკაფიო. ასე რომ, რომანის შიგნით ფილოსოფიისა და პოეზიის დაკავშირებას გარკვეულ დონეზე მათემატიკაც შემოაქვს.

რომანის წერის დაწყებამდე რამდენიმე თვის  მანძილზე საფუძვლიანად ვსწავლობ მის მომავალ წყობას, ვადგენ სქემებს, რომელთა ექსპრესიული  ეფექტურობა საკმარისი იქნება იმ ბნელით მოცული საკითხის სააშკარაოზე  გამოსატანად მუშაობის დასაწყისში რომ იჩენს თავს. ამგვარი წინასწარი რუკით, ან, თუ გსურთ, კომპასით შეიარაღებული ვიწყებ კვლევას, შემდეგ ისევ გადასინჯვას, რადგან ჩემი ეს სქემები, რომელთა გარეშეც გზაზე დადგომას ვერაფრით გავბედავდი, თავის მხრივ სულ ახალ-ახალ ადგილებს აღმომაჩენინებს. ამიტომ იძულებული ვხდები ძველი სქემები გადავსინჯო, ხელახლა შევაფასო. ეს პროცესი პირველივე გვერდებიდან იწყება და შეიძლება უკანასკნელ ფურცლამდე გაგრძელდეს. ეს არის ჩონჩხი, რომელიც მთელ ორგანიზმთან ერთად განუწყვეტლივ ევოლუციას  განიცდის. ცალკეული მოვლენები კი რომანის უჯრედებსა  და სხეულს  წარმოადგენს. ამგვარად აგებულ სტრუქრურაზე დეტალთა უმცირეს ცვლილებასაც კი შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს.

ასე რომ, მე მთლიანობაში არც კი ვიცი რა ხდება რომანში, ამის დანახვა მხოლოდ წიგნის დასასრულსაა შესაძლებელი.

რომანული მუშაობის ამგვარი გააზრება, გავბედავ და ვიტყვი, ფარდას ხდის საკუთრივ რომანს, მის მოტივაციას, გამოავლენს რეალობასთან მისი კავშირის რაგვარობას. საბოლოო ჯამში რომანისტი იწყებს საკუთარი ქმედების გაცნობიერებას, რომანი კი საკუთარ რაობაზე ხმამაღლა ლაპარაკს.

თუმცა წიგნის შიგნით მიმდინარე ამგვარი გააზრების პროცესი მხოლოდ დასაწყისია საზოგადოებრივი ფიქრისა, რომელმაც თავად რომანისტს უნდა მოჰფინოს ნათელი. მწერალი ცდილობს დაამკვიდროს საკუთარი თავი, მთლიანობა შესძინოს საკუთარ ცხოვრებას, აზრი მისცეს საკუთარ არსებობას. აზრის მიცემას კი, ცხადია, მარტო ვერ შეძლებს; ეს აზრი სწორედ ის გამოძახილი, ის პასუხია, რომელსაც ადამიანებს შორის პოულობს მისი რომანი - შეკითხვა.

© მიშელ ბიუტორი (ფრანგულიდან თარგმნა ნათია ამაღლობელმა)." 
 

 

                     2006.13.5 :: #649
http://www.ertoba.net/echo1/sppro/bpg/publication_view.asp?iabspos=1&vjob=vdocid,649  
  დამატებითი/ფართო ინფორმაცია
საკვანძო სიტყვები: რომანის; წერა; აუცილებლობამ; გადამაწყვეტინა

 

კლასიფიკატორები: ლიტერატურა || პროზა

 

  გაფართოებული ფურცვლა
   პუბლ. 4  სულ  19   [ 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 ]   
 
  კომენტარები & შეფასება

ჩვენებურები თურქეთიდან

მოინახულეთ, ისიამოვნეთ, გაამხნევეთ, გამხნევდით

  Clean cookies installed by this site
© სტუდია ექო - Web Studio Echo

Powered by ERI V.2.7.7
© ERI